,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 13 ოქტომბრის N306/02-01 ბრძანების და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2026 წლის 8 ოქტომბრის N22728/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრული საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად;
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
გ) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
დ ) ერთ-ერთი უცხო ენა(წერა, კითხვა,მეტყველება).
4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
1) ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
2) უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს;
3) საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებებს ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ;
4) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედი რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი; ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
6. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საშტატო განრიგით განსაზღვრულ საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
1) „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების შემუშავება და განხორციელება;
2) მოსწავლეებში უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა, ექსკურსიები უნივერსიტეტში, მოსწავლეებში სწავლისადმი, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდა, პროფორიენტაციაში დახმარება;
3) განათლების სისტემის სხვა რგოლებთან თანამშრომლობა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურს-ცენტერები, სკოლები, მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრები, უცხოეთის უნივერსიტეტების ანალოგიური სამსახურები და ა.შ.
4) „თსუ-დესპანის“ პროექტის კოორდინირება;
5)„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტების მეშვეობით მოსწავლეების ჩართვა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხო აქტივობებში;
6)სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის და განვითარების კურსების შემუშავება და განხორციელება
7) სკოლის მოსწავლეებისათვის პროფორიენტაციის კურსების შემუშავება და განხორციელება
8) ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსი“.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ- გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 6 ნოემბრისა.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი).
15. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა